
მოდი – პუტინს: უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა შემზარავია!
09/07/2024 15:53:04 მსოფლიო
გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ, – უთხრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს. მოდის სიტყვებს Reuters ციტირებს. რუსეთმა 8 ივლისს უკრაინის ქალაქებზე მიტანილი მასირებული შეტევის დროს დაბომბა ბავშვთა საავადმყოფო.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა "ტკივილის მომტანი და შემზარავია".
„მიუხედავად იმისა, ეს ომია, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია“, - თქვა მოდიმ.
როგორც დაანონსდა, ვლადიმირ პუტინსა და ნარენდრა მოდის შორის ოფიციალური მოლაპარაკებები 9 ივლისს გაიმართება.
მოდი რუსეთში 8 ივლისს ჩავიდა. ბოლოს ინდოეთის პრემიერი რუსეთს 2019 წელს სტუმრობდა.
უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი დასავლური სანქციების დაწყების შემდეგ, ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი.
ინდოეთმა ხელი არ მოაწერა შვეიცარიაში გამართული, უკრაინაში მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის საბოლოო კომუნიკეს.