
რუსი გენერლის სიკვდილის შესახებ იუწყებიან
09/07/2024 20:03:53 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი მაგომედ ხანდაევი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სად მოხდა ეს, არ არის დაკონკრეტებული. დაღესტნის შამილსკის რაიონის ხელმძღვანელმა, მაგომედ გასანოვმა კრემლის პროპაგანდისტულ TASS-ს განუცხადა, რომ ხანდაევის ცხედარი უკვე გადაასვენეს მახაჩკალაში და მას მშობლიურ სოფელ გენტში დაკრძალავენ. გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება.
რუსული მედია წერს, რომ ხანდაევი დიდი ხნის განმავლობაში იყო პასუხისმგებელი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობაზე და უშუალოდ ექვემდებარებოდა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ტიმურ ივანოვს, რომელიც აპრილში დააკავეს მილიარდიანი ქრთამის ბრალდებით. 2018 წლიდან 2022 წლამდე ხანდაევი იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის დამკვეთის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ხოლო 2022 წლის ივნისიდან - სპეციალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორი. ის სახელმწიფო ექსპერტიზის სისტემაში გასულ წელს გადაიყანეს.
მედია აღნიშნავს, რომ ხანდაევი გარდაიცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებული „წმენდების“ ფონზე. უცნობია, მისცა თუ არა მან ყოფილი უფროსის საქმეზე ჩვენება. ივანოვი 23 აპრილს დააკავეს, მეორე დღეს კი 1,185 მილიარდი რუბლის ქრთამის სახით აღებაზე წარუდგინეს ბრალი. ამის შემდეგ პუტინმა გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მომდევნო ორ კვირაში რუსეთის არმიის სამი გენერალი დააკავეს.
ასევე მედიის ცნობით, სამხედრო უწყების "გასუფთავების" კამპანია FSB-ს ინიციატივით დაიწყო და პირადად დაამტკიცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. "ამ გზით სპეცსამსახურებს სურთ უკრაინაში წარუმატებლობის თაობაზე ბრალი ჯარზე გადაიტანონ და ასევე მოიპოვონ კონტროლი თავდაცვის სამინისტროს უზარმაზარ ბიუჯეტზე",– წერს მედია და აანონსებს, რომ დაკავებები გაგრძელდება.