
NATO-ს წევრი ხუთი ქვეყანა: უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით
10/07/2024 05:30:01 მსოფლიო
NATO-ს წევრი ხუთი ქვეყანა– ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იტალია, რუმინეთი, ნიდერლანდები – უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიაწვდიან. ამის შესახებ ვაშინგტონში NATO–ს სამიტის გახსნის შემდეგ ხსენებული ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
აშშ, გერმანია და რუმინეთი უკრაინას დამატებით გადასცემენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot, ნიდერლანდები ამ სისტემების მუშაობისთვის საჭირო კომპონენტებს, ხოლო იტალია დამატებით სისტემას SAMP-T.
თეთრი სახლის ცნობით, უახლოეს თვეებში აშშ და მისი პარტნიორები აპირებენ უკრაინას მიაწოდონ საჰაერო თავდაცვის ათეულობით ტაქტიკური სისტემაც (NASAMS, HAWK, IRIS T-SLM, IRIS T-SLS, Gepard).
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, იტალიას, რუმინეთს და ნიდერლანდებს მადლობა გადაუხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდამჭერი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის.
9 ივლისს, ვაშინგტონში გაიხსნა NATO–ს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.