
კიევში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, 8 ივლისის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი
10/07/2024 06:49:26 მსოფლიო
უკრაინის დედაქალაქ კიევში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც 8 ივლისიდან – რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ მიმდინარეობდა. ოპერაცია დასრულებულად დღეს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამოაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, 8 ივლისის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაშავდა 121, მათგან 10 ბავშვი. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
8 ივლისს რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისიც“, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.
კიევის ადმინისტრაციის ცნობით, შევჩენკოს რაიონში სახლის ერთი სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი. ამავე რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტის ნგრევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შვიდი ადამიანი დაიღუპა სოლომენსკის რაიონში მდებარე ბიზნესცენტრ „დომინოში“.
8 ივლისის მასირებული სარაკეტო შეტევისას 10 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგშიც.
გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა დანიელ ბელმა 9 ივლისს განაცხადა, რომ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გაკეთებული ვიდეოჩანაწერები და დარტყმის ადგილის შეფასება მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებას რუსული რაკეტა მოხვდა.