
კარა-მურზას ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუჩინარების შესახებ იუწყებიან
10/07/2024 07:33:14 მსოფლიო
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზას მხარდამჭერები და ნათესავები პატიმრის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. უკვე ერთი კვირაა, არ აქვთ ინფორმაცია მის შესახებ.
"ჩვენ 2 ივლისიდან არაფერი ვიცით ვლადიმირზე, როდესაც ის ბოლოს ადვოკატმა ნახა," - წერს მისი მეუღლე ევგენია კარა-მურზა X-ზე და აღნიშნავს, რომ მის ადვოკატებს უთხრეს, რომ ის ციხის საავადმყოფოში 4 ივლისში გადაიყვანეს.
42 წლის კარა-მურზა, რომელიც პუტინის აქტიური კრიტიკოსი და პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტია, 25 წლიან სასჯელს იხდის "ღალატისთვის" და სხვა ბრალდებებისთვის მოსკოვიდან 2000 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში ომსკში.
თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, კრემლის კრიტკოსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები გამძაფრდა, რადგან მას დაპატიმრებისას უკვე აწუხებდა სერიოზული პრობლემები ორჯერ მოწამვლის გამო.
კარა-მურზა რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქეა. საერთაშორისო მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ პატიმრების შესაძლო გაცვლის შემთხევაში, განიხილება მისი გაცვლა ამერიკელ რეპორტიორ ევან გერშკოვიჩთან და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანთან ერთად.