
NАТО–ში აცხადებენ, რომ რუსეთს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის რესურსები არ აქვს - Reuters
10/07/2024 08:18:49 მსოფლიო
რუსეთს არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა და ჯარი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად და ამისათვის მას სხვა ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების უზრუნველყოფა დასჭირდება. ამის შესახებ ნატოს მაღალჩინოსანმა 9 ივლისს განაცხადა,– წერს Reuters.
ოფიციალური პირის თქმით, რუსეთი "ძალიან დიდ" დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე, ცდილობს, შეინარჩუნოს მცირე ტერიტორიული მიღწევები და არ აქვს საკმარისი რესურსები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.
„მათ უწევთ, დაუკომპლექტებულ, გამოუცდელ ქვედანაყოფებს უბრძანონ, გადაადგილდნენ რაიონებში არარეალური მიზნების მისაღწევად. ვთვლით, რომ რეალური შეტევითი ოპერაციების მხარდასაჭერად, რუსეთს მოუწევს, უზრუნველყოს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი სხვა ქვეყნებიდან, გარდა იმისა, რასაც ის უკვე იღებს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანი რუსეთს აწვდის კამიკაძე-დრონებს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა – საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის თავდაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ კიევმაც ასევე განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები.
ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ "გარკვეული დრო" დასჭირდება, ვიდრე უკრაინა შეაგროვებს საბრძოლო მასალას და პერსონალს, რომელიც საჭიროა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად.
”ჩვენ ვხედავთ მათ ყოველდღიურ პროგრესს,” – დასძინა მან.
იმავდროულად, მისი შეფასებით, რუსეთი სამხედრო ეკონომიკის შენარჩუნებას კიდევ სამი-ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს.