
იაპონიაში პირველად დააკავეს რუსი სანქციებისთვის გვერდის ავლის საქმეზე
10/07/2024 08:35:50 მსოფლიო
იაპონიაში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სანქციების გვერდის ავლაშია ეჭვმიტანილი. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა.
იაპონური Nikkei-ს ცნობით, 10 ივლისს ოსაკას პრეფექტურის პოლიციამ დააკავა 38 წლის რუსი – ანდრეი სოვა, რომელიც კომპანია Astrade-ს ხელმძღვანელობს.
ოსაკაში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ TASS-ს უთხრა, რომ „პოლიცია მათ დაუკავშირდა და შეატყობინა რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტი“.
ეჭვმიტანილს ბრალად ედება რუსეთში უკანონო ექსპორტი საკონტეინერო გემით. საუბარია ჰიდროციკლებსა და გემების დიზელის ძრავებზე. პოლიცია აცხადებს, რომ 2023 წლის იანვარში რუსმა მთავრობის ნებართვის გარეშე გაგზავნა რუსეთში დაახლოებით 43 მილიონი იენის ღირებულების პროდუქცია.
ასევე აღნიშნულია, რომ ოსაკას პოლიცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იძიებდა ეჭვმიტანილის მიერ მართული კომპანიის საქმიანობას.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი დააკავეს 2022 წლის მარტში დაწესებული სანქციების დარღვევისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
იაპონია მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის თავდასხმის შემდეგ. იაპონიის ხელისუფლებამ შეაჩერა მრავალი სახის აღჭურვილობის, მანქანების და სხვადასხვა სამრეწველო საქონლის ექსპორტი.