სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს – ცხედარს ჭრილობა აღენიშნება

17-01-2020 20:18:08 კავკასია

ერევანში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი გეორგი კუტოიანი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 38 წლის კუტოიანის ცხედარი პირველად მეუღლემ ნახა. ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ არტურ მელიქიანმა განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება სხვა ვერსიებსაც არ განიხილავს, მათ შორის მკვლელობის და მკვლელობის შენიღბვის ჩათვლით.

მანვე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იყო 40-ზე მეტი მასრა და ტყვია.

განათლებით იურისტი კუტოიანი სარქისიანის ასისტენტად მუშაობდა 2011 წლიდან. 2016 წელს კი უშიშროების სამსახურის ხელმღვანელად აირჩიეს. 2018 წლის მაისში, ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შმდეგ ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. კუტოიანს მას მერე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და მანამდეც თავშეკავებული და შეუმჩნეველი ფიგურა იყო.

სარქისიანმა გააკეთა განცხადება კუტოიანის მკვლელობის შესახებ და თქვა, რომ გამოძიება გულმოდგინედ უნდა წარიმართოს „საზოგადოების კონტროლის ქვეშ“.

კუტოიანი უშიშროების სფეროს მაღალი რანგის ოფიციალური მეორე პირია, რომელიც ბოლო ოთხ თვეში მოკლეს: სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ჰაიაკ ჰარუთიუნიანისაკუთარ აგარაკზე ნახეს მოკლული გასული წლის სექტემბერში. გამოძიების თანახმად, მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და გამომძიებლები თვითმკვლელობას ვარაუდობენ. სიკვდილამდე ჰარუთიუნიანი არაერთხელ დაჰკითხეს 2008 წლის არჩევნების შემდგომი ძალადობის თაობაზე.

საქმეზე გამოძიების წამმართველმა ორგანომ საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა "არმენპრესს" უთხრა, რომ კუტოიანი არასოდეს დაუკითხავთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები