10-07-2024 14:07:00 ევროპა ,ეს საინტერესოა
ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, ევროპაში დისლოცირებული რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს, – იუწყება CNN მრავალ წყაროზე დაყრდნობით და განმარტავს, რომ ეს დაკავშირებულია პენტაგონის მიერ მიღებულ ინფორმაციასთან, რომ რუსეთი აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დივერსიული და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავს.
დაცვა გააძლიერეს დონემდე „ჩარლი“, რომელსაც რაიმე ინციდენტის ან შესაძლო ტერაქტსა და თავდასხმასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების მიღების შემთხვევაში იყენებენ.
"ამერიკულ ბაზებზე დაგეგმილი თავდასხმები არის დივერსიული კამპანიის ნაწილი, რომლის განხორციელებასაც მოსკოვი ბოლო დროს ცდილობს მთელ ევროპაში", – აცხადებენ წყაროები.
ნატოს მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ რუსული დივერსია ევროპაში ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო "თავხედური და აგრესიული" ხდება.
ეს შეიძლება უკავშირდებოდეს დასავლეთის არჩევნებს, მისი აზრით, ”რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეეცადოს ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას”.
„რაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ყველაზე კოორდინირებული და აგრესიული ქმედება ცივი ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ დივერსიებს, ტერორისტულ შეთქმულებებს, ხანძარს - რეალურ მოვლენებს, რომლებმაც სიცოცხლეები შეიწირა“, - დასძინა ნატოს წარმომადგენელმა.
აშშ-ის ევროპის სარდლობამ არ დაასახელა აშშ-ის ბაზებზე უსაფრთხოების გაზრდილი ზომების შემოღების ზუსტი მიზეზები, მაგრამ სარდლობის სპიკერმა დენ დეიმ თქვა, რომ ”გაზრდილი სიფხიზლე არ არის დაკავშირებული რომელიმე საფრთხესთან, არამედ განპირობებულია იმ ფაქტორების ერთობლიობით, რომლებიც პოტენციურად იმოქმედებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოებაზე“ ევროპაში.
ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში მოხდა მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც, ადგილობრივი ხელისუფლებების განცხადებით, დაკავშირებულია რუსი აგენტების გააქტიურებასთან.
მაისში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს თავიანთი მთავრობები რუსეთის ხელისუფლების მიერ ევროპაში დივერსიის მომზადების შესახებ. მათი თქმით, მოსკოვი, თავისი აგენტებისა და მარიონეტების დახმარებით, ამზადებს აფეთქებებს, ხანძრებს და ევროპული ინფრასტრუქტურის დაზიანებას და არ აწუხებთ მშვიდობიან მოსახლეობაში შესაძლო მსხვერპლი. ევროკავშირის სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ადრეც ახორციელებდნენ მსგავს ოპერაციებს ევროპაში, მაგრამ ახლა მზად არიან, იმოქმედონ უფრო კოორდინირებული და აგრესიულად.