
გერმანიის ელჩი: არსად მინახავს საგარეო პოლიტიკის მსგავსი ცვლილება, როგორიც აქ ვნახე
10/07/2024 11:23:21 პოლიტიკა
ჩემი კარიერის განმავლობაში, საქართველო მეშვიდე ქვეყანაა, სადაც ვსაქმიანობ და არსად არ მინახავს საგარეო პოლიტიკის მსგავსი ცვლილება, როგორიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვნახე,– ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
მან მიუთითა, რომ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის, „აგენტების კანონი“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
„ამ კანონით ვერ შეხვალთ ევროკავშირში“,– კვლავ აღნიშნა ელჩმა და გამოვიდა შეხსენებით, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანება სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს:
„საქართველო უკვე არის ევროპული ოჯახის ნაწილი, ახლა თქვენ გინდათ, გაწევრიანდეთ ჩვენს ორგანიზაციაში, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტები და წესები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოთ“.
ის განმარტავს, რამ განაპირობა ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა და რომ „ფანჯარა დროებითაა ღია“:
„გაფართოება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია და ფანჯარა ახლა ფაროდაა გაღებული. ის ღიაა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო – ამან მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გავაფართოოთ მშვიდობისა და დემოკრატიის ეს სივრცე. ისიც უნდა ვთქვა, რომ ფანჯარა შესაძლოა, დაიხუროს – ის ღია სამუდამოდ არ იქნება. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ევროკავშირის შიგნით და არ გვჭირდება დამატებითი გამოწვევების შემოტანა“.
ამ კონტექსტში მან გარკვეულწილად უპასუხა სახელისუფლებო პროპაგანდას „გლობალური ომის პარტიის“ თაობაზე და გამოვიდა მოწოდებით, „არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა, შეუერთდეთ გლობალური მშვიდობის პარტიას, რადგან სწორედ ეს არის ევროკავშირი“.
„ჩემს ქართველ მეგობრებს ვთხოვ, დაფიქრდნენ, რას ნიშნავს მათთვის ევროკავშირი, უნდათ თუ არა გაწევრიანება, გახდნენ ევროკავშირის მოქალაქეები, რადგან ახლა ჩიხში ვართ!“,– დასძინა ელჩმა.