
რუსული ფსბ აცხადებს, რომ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“ აფეთქება იგეგმებოდა
10/07/2024 12:36:00 მსოფლიო
რუსული ფსბ-ს ცნობით, დაკავებულია რუსი სამხედრო, რომელსაც ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსნის მკვლელობის მცდელობის ორგანიზება.
რუსული სპეცსამსახურის ვერსიით, კიდევ ერთი აფეთქება, სავარაუდოდ, სხვა სამხედრო პირს უნდა განეხორციელებინა ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვზე“, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანზე, რომელიც რემონტს გადის.
რუსეთის სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ ეს სამხედრო სასწრაფოდ დაუკავშირდა სარდლობას მისი გადაბირების მცდელობისთანავე.
კრეისერის აფეთქების ორგანიზებას ცდილობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვა, – ნათქვამია რუსეთის კონტრდაზვერვის რელიზში.
კიევში ამ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„ადმირალი კუზნეცოვი“ ერთადერთი ავიამზიდია რუსეთის ფლოტში. გემი რემონტს გადის 2018 წლიდან, მას შემდეგ რაც მურმანსკის მახლობლად მცურავ დოკზე მას ამწე დაეცა. 2019 წელს გემზე ხანძარი გაჩნდა.