10-07-2024 17:08:30 მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აღკვეთილია რუსეთის ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც გამოყენებული იყო სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში კრემლისთვის ხელსაყრელი მესიჯების გავრცელების მიზნით.
როგორც განიმარტა, სოციალური ქსელებისთვის მოქმედი ე.წ. "ბოტების ქარხანა" ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს იყენებდა ყალბი პროფილების შესაქმნელად, რომლებიც თითქოს ამერიკელებს ეკუთვნოდათ და რომელთა მეშვეობითაც ვრცელდებოდა რუსეთის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი შეტყობინებები.
"იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში აგრძელებს თავის სასტიკ ომს და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიებს ემუქრება, იუსტიციის სამინისტრო მთელ თავის კანონიერ უფლებამოსილებას გამოიყენებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ამერიკელი ხალხის დასაცავად", - ამბობს გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი.
მისი მოადგილის ლიზა მონაკოს თქმით, "დღევანდელი ნაბიჯები მოწმობს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და ჩვენი პარტნიორები არ მოითმენენ რუსეთის ხელისუფლების აქტორების და მათი აგენტების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ამერიკელებს შორის გახლეჩის გასაძლიერებლად".
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), კანადის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან (CCCS), ნიდერლანდის ზოგადი დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურთან (AIVD), ნიდერლანდის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურსა(MIVD) და ნიდერლანდის პოლიციასთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა ერთობლივი გზამკვლევი კიბერუსაფრთხოებისთვის, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სოციალური ქსელების "ბოტების ქარხნის" ტექნოლოგიური საფუძვლები.