NATO–ს სამიტის დეკლარაცია: უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას

11-07-2024 09:00:12 მსოფლიო

NATO ვაშინგტონში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას.

„სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი NATO–შია. ვინაიდან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას მის შეუქცევად გზაზე სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის ალიანსის წევრობისკენ", – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დროს ალიანსის წევრები აღნიშნავენ, რომ უკრაინამ განვლილი წლის განმავლობაში რეფორმების გატარების კუთხით პროგრესს მიაღწია.

„ვადასტურებთ, რომ NATO–ში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულებულ იქნება საამისო პირობები“, –ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, NATO უკრაინაში ომისთვის სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს მას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამია, ალიანსის წევრ ქვეყნებს გადაწყვეტილი აქვთ, უკრაინას მომავალ წელს მინიმუმ, 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, NATO მზადაა, მოსკოვთან კავშირების არხები შეინარჩუნოს უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

დოკუმენტში საუბარია ასევე NATO–სთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობაზე, ვინაიდან, დოკუმენტის თანახმად, იქ მიმდინარე პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ალიანსი მიესალმება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის მხარდაჭერის საქმეში.

NATO–ს დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობი ხდება, ასევე ის კვლავაც სისტემურ გამოწვევებს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

დეკლარაციაში ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საქმიანობის გამო კოსმოსის ათვისების სფეროში. ის მოუწოდებს პეკინს, ჩაერთოს სტრატეგიული რისკის შემცირების თაობაზე დისკუსიაში.

NATO–ს 75–ე წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს ვაშინგტონში იმართება.

Новости

Другие новости