11-07-2024 09:26:42 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი ვაშინგტონში მიმდინარე NATO–ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი, მათ შორის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გზით. საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ხალხის უნარზე, ისაუბრონ თავისუფლად, შეიკრიბონ მშვიდობიანად და აირჩიონ ლიდერები", – წერს ბასი სოციალურ ქსელში დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, შეხვედრას ეხმიანება ილია დარჩიაშვილიც.
მისი თქმით, ამერიკელ დიპლომატთან საინტერესო საუბარი ჰქონდა.
"ვინაიდან ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ერთსა და იმავე ღირებულებებსა და პრინციპებს, მე ხაზი გავუსვი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიერო კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის", – წერს დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.