ელისაშვილი: 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არათუ ვინმე დააკავეს, აქეთ მედავებიან, დავტოვე სასამართლო პროცესი

11-07-2024 12:59:54 პოლიტიკა ,სამართალი

"მოქალაქეების" წევრმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

"სამი თვე გავიდა, რაც პირდაპირ ეთერში, პოლიციელების სახეები რომ ჩანს კადრებში, 20 კაცი ფიზიკურად გამისწორდა და არა თუ ვინმე დააკავეს, არათუ ვინმეს ბრალი წარუდგინეს, გვეუბნებიან, ვერ გავარკვიეთ ვინ არიან ის პოლიციელებიო. წარმოიდგინეთ რა სამარცხვინო ამბავია. ამის ნაცვლად, აქეთ მე მედავებიან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ, ახლა პროცესი დამთავრებული უნდა იყოს და ის მოძალადე პოლიციელები ციხეში უნდა იყვნენ განმწესებულები. პირიქით, ჩემს წინააღმდეგაა სასამართლო და თითქოს, მე ჩავდიოდი საშინელებებს და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან. ის საქმე [ცემის] საერთოდ გაჩერებულია", – განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით დეპუტატმა

მისი თქმით, პროცესზე შსს-მ მხოლოდ ის კადრები წარადგინა, რაც უწყებას აწყობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ და მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, მაგრამ.. ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. არავის არაფერს არ ვერჩოდი, მოსამართლეც ვინაა არ ვიცი. აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი და ამაში დიდი ხნის მონაწილეობას არ ვაპირებდი", - განაცხადა ელისაშვილმა.

Новости

Другие новости