თავდაცვის მინისტრი აშშ-ისა და EU-ს გადაწყვეტილებებზე საუბრისას "ოცნების" ტრადიციულ პროპაგანდისტულ ნარატივებს იმეორებს

11-07-2024 13:32:45 პოლიტიკა ,თავდაცვა

"ოცნების" ხელისუფლების თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ აშშ და EU საქართველოს მთავრობისთვის თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების დეკლარირებულ გადაწყვეტილებებს "გადახედავენ". ამ იმედის საფუძვლებად ჩიქოვანს "ოცნების" ტრადიციული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები მოჰყავს.

"ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა, რადგან წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი - შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო წვრთნებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს, რადგანაც ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი თავსებადობის გაზრდას, მეორე მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს. თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება" - განაცხადა ჩიქოვანმა ამერიკული მხარის მიერ ერთობლივი წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილების კომენტირებისას.

რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის“ ფონდიდან რესურსების გაყინვას, მინისტრი ფიქრობს, რომ "ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება":

"ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“.

ცნობისთვის: 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. სახდეპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, თითქოს ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, რათა გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად".

9 ივლისს კი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები