მირიამ ლექსმანი – NATO–ს სამიტის დეკლარაციაზე: 2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით

11-07-2024 13:50:32 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ეხმიანება NATO–ს მიერ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციას, რომელშიც ალიანსმა საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.

"2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომლითაც ჩვენმა მტრებმა ისარგებლეს. სადღეისოდ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებას ახორციელებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს გზას ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დესტრუქციულ ტენდენციებს შემოაბრუნებს“, - წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.

დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

2008 წელს ბუქარესტში გამართული NATO–ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ NATO–ს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) იქნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები