ოპოზიცია: ევროკავშირისა და NATO–ს კარი ჩაიკეტა, ალიანსის დეკლარაციაში პირველად, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა მოხსენიებული არ არის

11-07-2024 14:07:09 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან NATO–ს მიერ გუშინ ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიღებულ დეკლარაციას.

“ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, "ის, რაც NATO–ს სამიტზე მოხდა, პირდაპირი დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ქვეყნის ინტერესების ღალატისა".

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" ქმედებების შედეგად საქართველოსთვის ევროკავშირისა და NATO–ს კარი ჩაიკეტა.

"დოკუმენტში საქართველო ნახსენებია მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარი უნდა გაიყვანოს. აქამდე მიგვიყვანა “ქართულმა ოცნებამ”. ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა - ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა. საქართველოა ხელისუფლებას და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს არ აპატიებს ქართველი ხალხი. ამისი გამოსწორება შესაძლებელია თუკი არჩევნების შემდეგ ამ ხელისუფლებას თავიდან მოვიცილებთ და ხელახლა ავაგებთ ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატოსთან. ამ ხელისუფლების ძალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველო სამუდამოდ მოწყდება დასავლურ სამყაროს და რუსეთის ნაწილი გახდება”, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ "ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა NATO-ში ინტეგრაციის პროცესი".

"ეს არის "რუსული კანონის" და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი. ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით რუსულ კანონს და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.

დღეს დამდგარი ძალიან მძიმე შედეგი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად საქართველოს ინტერესების დაცვისა, დაკავებულია ქვეყნის ინტერესების საბოტაჟით. კარგი ამბავი არის ის, რომ მხოლოდ 3 თვე რჩება არჩევნებამდე, რომლითაც უნდა შეიცვალოს რუსეთის და არა საქართველოს მსახური ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნა.

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გვქონდეს კომუნიკაცია დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებთან, რათა საქართველოს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და არ ჩაიკეტოს ევროატლანტიკური მომავალი, რისთვისაც გამალებით მუშაობს კრემლი და მისი მსახური ივანიშვილი. „ლელო“ ემსახურება ქართველ ხალხს და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს ბრძოლა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით არჩევნებზე და რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარია აცხადებს, რომ საქართველოს NATO-ში-ში გაწევრიანების გზაზე უმძიმესი დღეა.

მისი თქმით, NATO-ს დეკლარაციაში პირველად, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა მოხსენიებული არ არის, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით არ არის ჩანაწერი არც დემოკრატიული პროცესის და არც თავდაცვისუნარიანობის კუთხით.

აქუბარდიას თქმით, 2002 წლის პრაღის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს წინსვლისა და საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის აღიარების თაობაზე, NATO-ს სამიტის დეკლარაციებში ყოველთვის ეწერა.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნის NATO-ში წინსვლა შეუძლებელია“.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გადაწყვეტილებების შედეგია":

“პასუხისმგებლობა ცალსახად მმართველ პარტიაზეა. ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება - გაჩერებულია პროგრამები, გადაიხედება სტრატეგიული შეთანხმებები, ეს “ქართული ოცნების” ანტიდასავლური გადაწყვეტილებების შედეგია. რაც შეეხება საბოლოოდ გაჩერდება თუ არა ეს პროცესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ქართველი ხალხი შემოდგომაზე. თუ ხალხს ჩრდილოეთისკენ წასვლა უნდა, მაშინ არანაირი საქმე არ გვაქვს ნატოში. შესაბამისად, მგონი, ეს ხალხიც ძალიან რაციონალურად უყურებს ამ ამბავს. თან გვეუბნებიან, რომ ჩამოყალიბდით, რა გინდათ. თუ ჩვენ დასავლური ინტერესების გაგრძელება და გაღრმავება გვენდომება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს და ამ რამდენიმე თვიანი გაუგებრობისთვის ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ".

ცნობისთვის: NATO–მ 10 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა.

დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

2008 წელს ბუქარესტში გამართული NATO–ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ NATO–ს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) იქნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები