
FT: უნგრეთს შესაძლოა, ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩამოერთვას
11/07/2024 12:58:34 მსოფლიო
ევროკავშირელი ჩინოსნები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამო უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარის როლის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი რიგი სახელმწიფოები იმ ტრადიციული არაფორმალური მინისტერიალების ბოიკოტირებაზე ფიქრობენ, რომლებიც უნგრეთში ამ ქვეყნის თავმჯდომარეობის პერიოდშია დაგეგმილი და ორბანის "მანევრირების შეზღუდვის" გზებს განიხილავენ, - წერს გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
თავის მხრივ ევროკავშირის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ ორბანის რუსეთში ვიზიტი და პუტინთან შეხვედრა ეწინააღმდეგება ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს, კერძოდ, იმ დოკუმენტებს, რომელიც "პირდაპირ კრძალავს ნებისმიერ მოქმედებას, რომელმაც შესაძლოა, ევროკავშირის მიზნების მიღწევას საფრთხე შეუქმნას", ასევე იმ სამართლებრივ დოქტრინას, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრს ავალდებულებს, "საკუთარი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ურთიერთსოლიდარობის პრინციპის დაცვით წარმართოს".
"ორბანის მოსკოვში ვიზიტი პოლიტიკური შეცდომა იყო. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არასოდეს მინახავს ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრის მხრიდან მსგავსი ხისტი რეაქცია. უნგრეთმა შესაძლოა, ყვითელი ბარათი მიიღოს ორბანის მიუღებელი ნაბიჯების გამო" - განუცხადა გამოცემას ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის და ნატო-ს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.
ევროკავშირმა და ნატო-მ განაცხადეს, რომ ორბანი ამ ვიზიტებისას მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებდა.
1 ივლისს უნგრეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე.