
ბაიდენი: ახლა პუტინთან სასაუბროდ მიზეზს ვერ ვხედავ
12/07/2024 08:04:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არ არის რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სასაუბროდ, ვიდრე ის საკუთარ ქცევას არ შეცვლის და ვერც ამგვარ ნიშნებს ხედავს.
„ამჟამად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს პუტინთან სასაუბროდ. მას ბევრის არაფრის გაკეთება სურს ქცევის შეცვლის თვალსაზრისით. მაგრამ არ არსებობს მსოფლიო ლიდერი, ვისთან ურთიერთობისთვისაც მე არ ვარ მზად“, - თქვა ბაიდენმა ვაშინგტონში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, „მაგრამ არის კი მზად პუტინი სასაუბროდ? მე არ ვარ მზად პუტინთან სასაუბროდ, ვიდრე ის არ შეცვლის თავის ქცევას“.
მისი თქმით, პუტინს პრობლემები აქვს:
„მას ეგონა, რომ ომი მოიგო, მაგრამ ამ დრომდე უკრაინის 17,3%–ის დაპყრობა მოახერხა. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას, მათ საშინელი ადამიანური დანაკარგები განიცადეს – დაკარგეს 350 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოკლულის ან დაჭრილის სახით. მილიონზე მეტმა განათლებულმა ახალგაზრდამ დატოვა რუსეთი“.
მისი თქმით, მოსაზრება, რომ რუსეთი ფუნდამენტურად შეიცვლება უახლოეს მომავალში, არარეალურია. ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება უკრაინაზე და გაიხსენა პუტინის გამოსვლა მეზობელ ქვეყანაში შეჭრამდე.