
ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება
12/07/2024 15:48:11 სამართალი, საზოგადოება
ბრაკონიერობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, ელექტროშოკური მოწყობილობა „თევზჭერის ელექტროიარაღად“ დაკვალიფიცირდა.
გარდა ამისა, თევზჭერის ელექტროიარაღისა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის უკანონო ბრუნვა დარეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლით - 181 პრიმა 6.
- ამ მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
- იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
- განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.