
ბაიდენი მოითხოვს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, როგორ იყო უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოება ტრამპზე თავდასხმისას და დაადგინონ მოტივი
15/07/2024 04:42:06 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოითხოვს, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, როგორ იყო უზრუნველყოფილი ეროვნული უსაფრთხოება პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმის დროს, რადგან გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ნახევრად ავტომატური შაშხანით შეიარაღებული ადამიანი ასე მიახლოებოდა ყოფილ პრეზიდენტს.
მან კიდევ ერთხელ დაგმო მომხდარი:
"ამ ან სხვა ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. თავდასხმა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ როგორც ერი ვიბრძვით. მსროლელის მოტივებზე ჩვენ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ ვიცით ვინ არის იგი. მოგიწოდებთ ყველას, გთხოვთ, ნაადრევად ნუ გააკეთებთ ვარაუდებს მისი მოტივებისა თუ მისწრაფებების შესახებ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ანალიზის შედეგად მიღებული დეტალები უნდა გასაჯაროვდეს.
ბაიდენმა აღნიშნა ისიც, რომ სროლის შემდეგ მას ტრამპთან „მოკლე, მაგრამ სასარგებლო საუბარი“ ჰქონდა.
„გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა მან.
აშშ-ის პრეზიდენტების, ყოფილი პრეზიდენტების და სხვა მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე საიდუმლო სამსახურია პასუხისმგებელია.
რა მოხდა პენსილვანიაში
ბატლერში პენსილვანიაში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ტრამპს ესროლეს. ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო. ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა იგო სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ.
სროლის შედეგად დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე, 50 წლის კორი კომპერატორე, რომელიც რაიონული სახანძრო სამსახურის ყოფილი უფროსი იყო. გარდა ამისა, მომხდარის გამო 2 დემონსტრანტი დაიჭრა. თავად თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
სროლა მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე. ვარაუდობენ, რომ ყრილობაზე პარტია ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.
ვინ არის თავდამსხმელი
FBI-ის ცნობით, ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი თავს თომას მეთიუ კრუკსს უწოდებს და ამბობს, რომ მას სძულს რესპუბლიკელები.
რამდენიმე ამერიკული საინფორმაციო საშუალების ცნობით, პენსილვანიის შტატის ხმის მიცემის ანგარიშებით ჩანს, რომ კრუკსი რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი, მაგრამ მან ასევე მცირე შემოწირულობა ჰქონია გაკეთებული დემოკრატთა საარჩევნო კამპანიისთვისაც.
ლონდონში მდებარე „ჩათემ ჰაუსის“ აშშ-ისა და ამერიკის პროგრამების დირექტორი ლესლი ვინჯამური ძალიან ნაადრევად მიიჩნევს იმაზე საუბარს, თუ რა გავლენა მოახდინა კრუქსის წარსულმა 13 ივლისის ინციდენტზე.
"მე ვნახე ცნობები, რომ ის არის რეგისტრირებული რესპუბლიკელი, რომელმაც 17 წლის ასაკში ფული შესწირა Act Blue-ს [დემოკრატიული პოლიტიკური კამპანიის ჯგუფი], რაც მიუთითებს, რომ ის რაღაც მომენტში ასევე იყო დემოკრატი... ამ ახალგაზრდა კაცის მოტივაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს... ჩვენ ვიცით, რომ ძალადობის მრავალი აქტი უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, იმ ფაქტს, რომ იარაღი იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც მათ არ უნდა ფლობდნენ. ასე რომ, მე ძალიან არ მსურს პროგნოზების გაკეთება ამ მომენტისათვის მართლა ძალიან შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით", -ამბობს ლესლი ვინჯამური.
რა თქვა ტრამპმა
„დაუჯერებელია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენ ქვეყანაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სროლის შემდეგ საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.
მეორე განცხადებაში კი, რომელიც სროლიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ გააკეთა, ტრამპი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის გამოსვლას რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც ამ კვირის ბოლოს დაიწყება.
„ამ მომენტში, როგორც არასდროს ისეა საჭირო, რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელებმა, შევინარჩუნოთ სიძლიერე და სიმტკიცე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ საავაადმყოფოში გადაიყვანეს. მან დაწესებულება მალევე დატოვა ამერიკული მედიის ცნობით ტრამპი ჩავიდა ნიუ-ჯერსიში, სადაც იგი თავის კერძო გოლფის კლუბში გარკვეული დროის გატარებას გეგმავს.
რას ამბობს გამოძიება
მთელი დღის განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება ცდილობდა, დაედგინა დონალდ ტრამპზე პენსილვანიაში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი თავდასხმის მოტივი.
კევინ როიეკმა, FBI-ის წარმომადგენელმა, რომელიც ბიუროს ადგილობრივ ოფისს ხელმძღვანელობს, 13 ივლისის საღამოს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ქალაქ ბატლერში დონლად ტრამპზე თავდასხმას იძიებენ, როგორც "მკვლელობის მცდელობას."
FBI-ის სპიკერმა განაცხადა, რომ სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე საფრთხის შესახებ ტრამპის გამოსვლამდე ბატლერში გამართულ აქციაზე.
FBI–ის ინფორმაციით, კრუკსის სახლში "საეჭვო მოწყობილობა", ხოლო მის ავტომობილში სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
CNN-ის ცნობით, რამდენიმე ფედერალური უწყება იძიებს, თუ როგორ შეძლო კრუქსმა აქციის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე შეუმჩნევლად ასვლა.
ტრამპზე თავდასხმა მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგმეს.
ცნობისთვის: აშშ–ის ისტორიაში ცნობილია პრეზიდენტებსა და კანდიდატებზე რამდენიმე თავდასხმა.
1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მძიმე ჭრილობა მიიღო, როდესაც ვაშინგტონის სასტუმროდან გამოდიოდა.
1975 წელს პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი უვნებლად გადაურჩა ორ სხვადასხვა შეიარაღებულ თავდასხმას.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში თავდამსხმელებმა მოკლეს ოთხი პრეზიდენტი : აბრაამ ლინკოლნი (1865), ჯეიმს გარფილდი (1881), უილიამ მაკკინლი (1901) და ჯონ ფიცჯერალდ კენედი (1963).