Accentnews.ge
რუსეთმა სავარაუდოდ, უკრაინაში 50-იან წლებში შემუშავებული იარაღის გამოყენება დაიწყო

რუსეთმა სავარაუდოდ, უკრაინაში 50-იან წლებში შემუშავებული იარაღის გამოყენება დაიწყო

15/07/2024 10:42:30 მსოფლიო

რუსეთის არმიას სავარაუდოდ, დაიწყო 1950-იან წლებში შემუშავებული 130 მმ-იანი M-46 ქვემეხების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ OSINT-ის რამდენიმე ანალიტიკოსი და პროექტი საუბრობს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და და სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით.

ამ ტიპის იარაღის ბრძოლის ველზე გაყვანა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რუსი სამხედროების მიერ ჩრდილოეთ კორეის 130 მმ-იანი ჭურვების გამოყენებასთან, რადგან ეს საბრძოლო მასალა თავად რუსეთში არ იწარმოება, – ამბობენ ანალიტიკოსები. მანამდე, M-46-ები კონსერვირებული იყო. OSINT-ის ერთ-ერთი პროექტის ინფორმაციის თანახმად, რუსეთის არმიას 600-მდე ასეთი იარაღი ჰქონდა შესანახად, – წერს Astra.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ხუთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10 ათასი კონტეინერი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა. საარტილერიო ჭურვების გარდა, მათ ასევე შეიძლება გადაეტანათ ბალისტიკური რაკეტები. საპასუხოდ, მოსკოვმა ფხენიანს შესაძლოა გადასცეს ტექნოლოგია ჯაშუშური თანამგზავრების, ტანკებისა და თვითმფრინავების განლაგებისთვის, თქვა მინისტრმა.

ივნისში ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია და ჩრდილოეთ კორეა ერთმანეთს დახმარებას გაუწევენ ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, განმარტა პუტინმა ხელმოწერის შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი "არ გამორიცხავს" სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ფხენიანთან, რაც ამჟამად აკრძალულია გაეროს სანქციებით.

რუსეთის პრეზიდენტის ფხენიანში ვიზიტის შემდეგ, სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ აპირებს დაუბრუნდეს უკრაინაში ლეტალური იარაღის პირდაპირი მიწოდების საკითხს. სეულის პოზიციის ცვლილება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკავშირდებოდა. კერძოდ, სამხრეთ კორეის ხელისუფლება შეშფოთებული იყო დოკუმენტის პუნქტით, რომლითაც მხარეები ერთმანეთს გარანტიას აძლევდნენ დაუყოვნებლივ სამხედრო და სხვა სახის დახმარების შესახებ ერთ-ერთ მხარეზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. სეულმა ეს ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბებად მიიჩნია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S