
ლატვია ბელარუსში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
15/07/2024 11:38:49 ევროპა
16 ივლისიდან ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური იტყობინება.
როგორც განიმარტა, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, აკრძალულია ევროკავშირში საქონლის იმპორტი ბელარუსიდან, რომლის გაყიდვა ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.ასეთი საქონლის ჩამონათვალში მსუბუქი ავტომანქანებიცაა.
„ევროკავშირის სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2024 წლის 16 ივლისიდან პირებს ეკრძალებათ ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბელარუსში რეგისტრირებული მანქანის მძღოლს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მოუწევს დაბრუნება იმ ქვეყანაში, საიდანაც აპირებდა ლატვიაში შესვლას. თუ ის უარს იტყვის საბაჟო ორგანოების მითითებების შესრულებაზე, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მანქანის ჩამორთმევის შესახებ.