
ჩეჩნეთში "კადიროველების" მიერ ათობით ადამიანის გატაცების შესახებ იტყობინებიან
15/07/2024 12:28:55 კავკასია
ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ–არხები NIYSO და 1ADAT რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების მიერ კიდევ ორი ადგილობრივის გატაცების შესახებ იტყობინებიან. საუბარია ძმებზე – მაგომედი და ახმად იბრაგიმოვებზე.
1ADAT-ის ცნობით, ბოლო დღეებში რესპუბლიკაში უკვე გაიტაცეს 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. ძირითადად, უშიშროების ძალების ოპერაცია შალის რაიონში მიმდინარეობს. NIYSO ასევე იტყობინება გატაცებების შესახებ ნადტერეჩნის რაიონში და გროზნოს გარეუბნებში.
რასთან არის დაკავშირებული გატაცებები, უცნობია.
რესპუბლიკაში დღეს კავკასიის საინვესტიციო ფორუმის გახსნა იგეგმება, რომელსაც, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. რამზან კადიროვი ამ ღონისძიების პროპაგანდირებას აპრილიდან აქტიურად ეწევა.
ივნისის ბოლოს, ჩეჩნეთის მეთაურის კრიტიკოსებმა განაცხადეს რესპუბლიკაში რეიდების შესახებ 23 ივნისს დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. კადიროვმა მოითხოვა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამუშაოების გაძლიერება, ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის პრევენცია“და ამას აკავშირებდა „დაღესტანში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან“. ამავდროულად, რეგიონის ხელმძღვანელი ვაჰაბიზმში ეჭვმიტანილთა ახლობლებს სისხლიანი შურისძიებით დაემუქრა.
ივლისის დასაწყისში ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ხასან ხალიტოვმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, გამოაცხადა რესპუბლიკაში მამისა და ორი ძმის გატაცების შესახებ.
მაისში ჩეჩნეთში უშიშროების ძალებმა ათობით ადგილობრივი გაიტაცეს გროზნოში. ერთ-ერთი გატაცებული, ჩეჩენი ოპოზიციონერების ინფორმაციით, წამების შემდეგ გარდაიცვალა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021