ანტისაოკუპაციო მოძრაობა ჩორჩანის ტყეში ახალი "სასაზღვრო ნიშნულების" შესახებ იუწყება

20-01-2020 12:59:39 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით ახალი ნიშნულები გააკეთეს. ინფორმაციას, ფოტოებს და რუკას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.

მოძრაობის ცნობით, წითლად მონიშნული ხეები და ყვითელი ბანერი რამდენიმე ციფრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრშია. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ თუ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ხაზს საჩხერის რაიონის მიმართულებით გაუყვებიან, ოკუპირებული აღმოჩნდება ათობით ჰექტარი ტყის მასივი.

2019 წელს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ჩორჩანის ტყეში აღმოაჩინეს ხეებზე ყვითელი ფერის ნიშნულები. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტა.

2019 წლის ზაფხულში, ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ტყეში ახალი გზის გაყვანა დაიწყო და მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადგა ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები