
აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთს მიმართავს
20/01/2020 09:53:32 კონფლიქტები
საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, შემაშფოთებელია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესები.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, ყველა არსებული მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, რათა ეს საკითხები იქნას მოგვარებული“ ,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
რუდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა რუდმა.