
ლავროვს ნიუ-იორკში ჩასვლა კვლავ გრძელი გზით მოუწია
16/07/2024 06:18:34 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ნიუ-იორკში ჩასვლა კვლავ გრძელი გზით მოუწია. იგი მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში. 1 ივლისიდან რუსეთი როტაციის წესით, ერთი თვით გახდა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ლავროვის თვითმფრინავმა გვერდი აუარა „არამეგობრულ ქვეყნებს“ და მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე ჩრდილოეთის გზით 12 საათზე მეტხანს იფრინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასასწრებად ნიუ-იორკამდე ამ გზით ჩავიდა 2023 წელს და 2024 წლის იანვარშიც.
რუსეთს „არამეგობრულ ქვეყნებად“ გამოცხადებული ჰყავს სახელმწიფოები, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო სანქციები დაუწესეს. მათ შორის, რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალეს თავის საჰაერო სივრცეში მიმოსვლა.