
Bloomberg: ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალი ზომებით გააძლიერებენ რუსეთის ნავთობის "ჩრდილოვანი ფლოტის" შემოწმებას
16/07/2024 07:49:19 მსოფლიო
ნავთობის ტანკერების "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯგუფი ახალი ზომების მიღებას გეგმავს, – იუწყება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებსა და შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მთავრობების დაუზუსტებელი რაოდენობა აპირებს, გეგმას მხარი დაუჭიროს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც 18 ივლისს გაიმართება დიდ ბრიტანეთში. ამ გადაწყვეტილების მიზანია რუსული ფლოტის შესახებ ინფორმაციის ერთმანეთთან გაზიარება, რათა გემებისა და შუამავლების მიერ შექმნილ რისკებზე რეაგირება კოორდინირებული იყოს და იმუშაონ კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საფრთხის მოსაგვარებლად.
2022 წლის ბოლოს The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსკოვმა შექმნა 100-ზე მეტი ტანკერისგან შემდგარი "ფლოტი", რომელიც დაეხმარებოდა მას სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებაში.
რუსეთიდან ზღვით მიწოდებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აკრძალა. ევროკავშირის ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის შემოღებაზე - ბარელზე 60 დოლარით.