გრიპის ვირუსი – გასულ კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი
20/01/2020 10:38:05 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი.
როგორც გამყრელიძე აცხადებს,არც ერთი შემთხვევა ისეთი მძიმე არაა, რომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებდეს. აქედან გამომდინარე, წელს გრიპის სეზონის მიმდინარეობის ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია.
„ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა“-აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2,5-3-ჯერ მეტი ადამიანი აიცრა.
„სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა და დაახლოებით 30 000 ადამიანია აცრილი ნებაყოფლობით“, -აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, 30 დეკემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. ამ დროისთვის, 338 ადამიანმა მიიღო ტამიფლუ და პრეპარატის მარაგი საკმარისია ქვეყანაში.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, გამყრელიძის ცნობით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი ფაქტია დაფიქსირებული.


