
რუსული მედია: საქართველოში რუსი ყოფილი სახელმწიფო მოხელე დააკავეს
29/05/2019 14:15:19 სხვა, სამართალი
საქართველოში რუსი ყოფილი სახელმწიფო მოხელე დააკავეს, –იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ იუჟნო-სახალინსკის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსანდრ ბანდიუკოვი ამჟამად თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
"ბანდიუკოვი 2017 წლის 7 ოქტომბერს იუჟნო-სახალინსკში 400 ათასი რუბლის ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბანდიუკოვმა, რომელიც მაშინ იუჟნო-სახალინსკის ადმინისტრაციის სამომხმარებლო ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, რამდენიმე სავაჭრო ჯიხურის იჯარა უკანონოდ გაახანგრძლივა. ბანდიუკოვს რუსეთში შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით აღკვეთის ღონისძიება ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით შეუცვალეს. ბანდიუკოვმა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დაწერა, შემდეგ კი ჯერ მოსკოვში, იქიდან კი საქართველოში ჩავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რუსეთში ბანდიუკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საქართველოში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ ბანდიუკოვმა ჩათვალა, რომ მისი საკითხის განხილვა ძალიან გაჭიანურდა. მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სკანდალი მოაწყო, რის გამოც ის 15 მაისს დააკავეს", – იუწყება რუსული მედია.
მისივე ცნობით, სავარაუდოდ, საქართველოში ბანდიუკოვს თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ეტყვიან და ქვეყნიდან გააძევებენ.