ადვოკატი: "პორნოგრაფიის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ორმა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა"

20-01-2020 15:42:29 სამართალი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე დაზარალებულებიდან ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთის ადვოკატმა განუცხადა.

მან დეტალებზე საუბარი იმ მიზეზით არ ისურა, რომ საქმე არასრულწლოვანებს ეხება, მხოლოდ ის დააზუსტა, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ბავშვებს პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ ჰქონდათ.

მომხდარის შესახებ ცნობილი არაა საქმის პროკურორისთვის.

„ბრალდების მხარისთვის აღნიშნული ფაქტი უცნობია, რას გულისხმობს დაცვის მხარე ჩვენთვის გაუგებარია. ბრიფინგის შემდეგ დაზარალებულები, ასევე მათი მშობლები საგამოძიებო ორგანოში იყვნენ დაკითხული და მსგავსი განცხადება არცერთ მათგანს არ გაუკეთებია. თუ ეს ბოლო დღეებში მოხდა, არც ესააა ჩემთვის ცნობილი, რადგან ამის თაობაზე არავის მოუმართავს“, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.

საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები