
მიშელმა ორბანს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უფლებამოსილი არ არის, ევროკავშირის სახელით უკრაინის შესახებ ისაუბროს
17/07/2024 05:14:01 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საპასუხო წერილი გაუგზავნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უფლებამოსილი არ არის ევროკავშირის სახელით უკრაინის შესახებ ისაუბროს, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი არ აძლევს ევროკავშირის სახელით საერთაშორისო არენაზე მოქმედების უფლებას და მას ევროკავშირისგან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მანდატი არ მიუღია.
მიშელი უარყოფს ორბანის მოსაზრებას, რომ ევროკავშირს უკრაინის საკითხში ომის მხარდამჭერი პოზიცია აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ საქმე პირიქითაა - რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინა მსხვერპლი, რომელიც თავდაცვის კანონიერი უფლებით სარგებლობს. მიშელი ხაზს უსვამს ევროკავშირის პოზიციასაც, რომ უკრაინის შესახებ ვერცერთი დისკუსია ვერ შედგება თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
ორბანი თავისი ინიციატივით ცდილობს, „სამშვიდობო მისიის“ შესრულებას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად. კიევი ამ მცდელობას უარყოფს. ორბანმა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის სანქცირებას ეწინააღმდეგება, კრემლთან კარგი ურიერთობა შეინარჩუნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
1 ივლისიდან უნგრეთი როტაციის წესით, ექვსი თვით გახდა ევრკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მეორე დღესვე ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. 5 ივლისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კრემლში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ხოლო 8 ივლისს პეკინში - ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან. ამის შემდეგ ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს.