
121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციოს მიმართავს: "არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით"
17/07/2024 08:13:12 სამართალი
121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. მათი ცნობით, სარჩელი დღეს გაიგზავნება.
"სარჩელთან ერთად სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმებსი მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადაო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად", - თქვა IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი დავუთურმა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტციო საამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადაო ნორმის მოქმედების შეჩერების შაუამდგოლობას და დააკმაყოფილებს მას.
მათივე ინფორმაციით, ისინი შესაბამისი საჩივრის შეტანას ევროპულ სასამართლოშიც გეგმავენ.
"ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე", - განაცხადა დავითურმა.
ცნობისთვის: მანამდე, 15 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
"ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
- 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
- 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
- 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.