
აშშ 20 წლის ქართველ კაცს "მკვლელი მანიაკის კულტის" ლიდერობას ედავება
17/07/2024 11:11:59 სამართალი
აშშ–ის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილს ბრალად ედება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და მასობრივი თავდასხმების განხორციელბა ნიუ–იორკში. ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მიხეილ ჩხიკვიშვილი 2024 წლის 6 ივლისს მოლდოვაში, კიშინიოვში დააკავეს. იგი "ინტერპოლის" მიერ იძებნებოდა.
"ჩხიკვიშვილი სავარაუდოდ, არის "მკვლელი მანიაკის კულტის" (MKY) ლიდერი, ეს არის საერთაშორისო რასობრივი ან ეთნიკურად მოტივირებული ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფი. ჩხიკვიშვილმა სავარაუდოდ, დაიქირავა სხვები ძალადობრივი თავდასხმების ჩასადენად "მკვლელი მანიაკის კულტის" იდეოლოგიების გასაძლიერებლად", – ნათქვამია შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც შეერთებული შტატების პროკურორი ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში ბრეონ პისი აცხადებს, "მიხეილ ჩხიკვიშვილის მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის/ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით".
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, "სულ მცირე, 2022 წლის ივლისიდან დაწყებული ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა სხვებს, ძირითადად, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ჩაედენიათ ძალადობრივი სიძულვილის დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები MKY-ის სახელით. ეს მოიცავდა მასობრივი ძალადობის აქტების მოთხოვნას ნიუ-იორკში ინდივიდისგან, რომელიც აცხადებდა, რომ იყო MKY-ის პერსპექტიული რეკრუტი, მაგრამ ჩხიკვიშვილმა არ იცოდა, რომ იგი სინამდვილეში FBI თანამშრომელი იყო".
"დაახლოებით 2023 წლის ნოემბრიდან დაწყებული ჩხიკვიშვილი სთხოვდა აღნიშნულ პირს, განეხორციელებინა ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა აფეთქებები და ცეცხლის გაჩენა, რასობრივი უმცირესობების, ებრაელი ინდივიდების და სხვათა ზიანის მიყენების მიზნით. ჩხიკვიშვილმა აღნიშნულ პირს მიაწოდა დეტალური გეგმები და მასალები, როგორიცაა ბომბის დამზადების ინსტრუქციები და მითითებები მოლოტოვის კოქტეილების დამზადების შესახებ. 2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს. სქემა მოიცავდა ინდივიდს, რომელიც სანტა კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას", – აცხადებენ იუსტიციის დეპარტამენტში.
მისივე ცნობით, ჩხიკვიშვილმა შეადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია სქემის განსახორციელებლად და გაუზიარა ხსენებულ პირს დეტალური სახელმძღვანელოები სასიკვდილო საწამლავებისა და გაზების შექმნისა და შერევის შესახებ:
"ჩხიკვიშვილის მიერ გადაცემული მასალების ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან და დასახელებულ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა "ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო" (ISIS). [...] ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა იქნებოდა „ბრეივიკის მიერ ჩადენილზე უფრო დიდი ქმედება“.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს სისხლის სამართლის 4 მუხლის მიხედვით, საერთო ჯამში, 50 წლით პატიმრობა ემუქრება. კერძოდ, როგორც იუსტიციის დეპარტამეტში აცხადებენ, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩხიკვიშვილს ემუქრება:
- 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის;
- 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალადობრივი დანაშაულის წაქეზებისთვის;
- 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის;
- 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მუქარის შემცველი კომუნიკაციების გადაცემისთვის.