აზერბაიჯანში "შავი იანვარი" გაიხსენეს

20-01-2020 18:37:33 კავკასია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომლითაც აღნიშნეს საბჭოთა ჯარების მიერ, დამოუკიდებლობის მოძრაობის სისხლიანი ჩახშობის მცდელობის 30-ე წლისთავი. ამ მოვლენებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბაქოში მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოქალაქეები და "წამებულთა ხეივანზე" მიაგეს პატივი იმ მოვლენების მსხვერპლებს, რომლებსაც აზერბაიჯანში "შავ იანვრად" იცნობენ.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა, სხვა ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.

მეჩეთებში საგანგებო ლოცვა აღევლინა. ტელეარხებზე არ გავიდა გასართობი პროგრამები და ბაქოს მეტროში სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა.

1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანში ჯარები გაგზავნა, რათა ჩაეხშო დამოუკიდებლობის მოძრაობის მცდელობა, დაემხოთ საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობა. ოფიციალური მონაცემებით, ბაქოში მოკლეს 134 სამოქალაქო პირი, კიდევ 13 ადამიანი მოკლულ იქნა სხვა ქალაქებში. ამავე მონაცემებით, დაიჭრა სულ მცირე 800 ადამიანი, ხუთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება იმ მოვლენების შედეგად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები