
ევროპარლამენტმა ორბანის მიერ რუსეთში განხორციელებული ვიზიტი დაგმო
17/07/2024 18:34:09 მსოფლიო
ევროპარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ რუსეთში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ვიზიტი დაგმო. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, ორბანის მიერ მოსკოვში განხოციელებული ვიზიტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრინციპების უხეში დარღვევაა. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტი ორბანის პირადი ინიციატივა იყო და ის არ წარმოადგენდა ევროკავშირის ინტერესებს.
ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, უნდა დაისაჯოს მოსკოვში მისი ხელმძღვანელის ვიზიტისთვის, რომელიც არ იყო კოორდინირებული ევროკავშირთან.
ორბანი თავისი ინიციატივით ცდილობს, „სამშვიდობო მისიის“ შესრულებას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დასაწყებად. კიევი ამ მცდელობას უარყოფს. ორბანმა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებას და რუსეთის სანქცირებას ეწინააღმდეგება, კრემლთან კარგი ურიერთობა შეინარჩუნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
1 ივლისიდან უნგრეთი როტაციის წესით, ექვსი თვით გახდა ევრკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მეორე დღესვე ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. 5 ივლისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კრემლში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ხოლო 8 ივლისს პეკინში - ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან. ამის შემდეგ ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს.