
აფეთქებების გამო რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის აკვატორიაში საზღვაო-სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა შეაჩერეს
18/07/2024 06:04:55 მსოფლიო
დღეს დილით აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა აფეთქებების გამომწვევ მიზეზად უკრაინული უეკიპაჟო კატერების, ე.წ. საზღვაო დრონების მოგერიება დაასახელა.
მისივე ცნობით, მომხდარის გამო სევასტოპოლის აკვატორიაში საზღვაო-სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა შეაჩერეს.
ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სევასტოპოლში დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა და კიდევ არაერთი სამხედრო ობიექტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 18 ივლისს შავი ზღვის აკვატორიაში 10 უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმართებოდნენ. სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყირიმის თავზე განადგურებულია 33 უპილოტო საფრენი აპარატიც.
უკრაინას დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.