Accentnews.ge
უკრაინამ შავი ზღვა NATO–ს გემების მუდმივი ყოფნისთვის გახსნა

უკრაინამ შავი ზღვა NATO–ს გემების მუდმივი ყოფნისთვის გახსნა

18/07/2024 16:06:29 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ნატო–სთან ურთიერთქმედებას და ალიანსის გემების მუდმივ ყოფნას შავ ზღვაში. განკარგულება გამოქვეყნდა სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე.

სტრატეგია მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით საფრთხის თავიდან აცილებას და მსგავს გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას. მისი ეფექტი ვრცელდება უკრაინის სანაპირო ტერიტორიებზე და საზღვაო საზღვრებზე, ასევე „მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებზე“, სადაც ქვეყანას აქვს „ეკონომიკური ან სხვა ინტერესები“.

დოკუმენტი ითვალისწინებს საზღვაო ძალების მშენებლობას, ნატო–სთან წვრთნებს და ალიანსთან ერთად ორგანიზებას „უსაფრთხოების მისიების - საზღვაო პატრულირების - აზოვი-შავი ზღვის აუზში“.

უკრაინა ასევე აპირებს, შექმნას კოალიცია თავის მოკავშირეებთან წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად „ომის შემდგომ პერიოდში“ და „უსაფრთხო შავი ზღვის“ პლატფორმა - მასში წარმოდგენილი იქნება შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანა, გარდა რუსეთისა.

სტრატეგია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მოიწონა. დოკუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა. უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ მიზანია, უკრაინა იქცეს საზღვაო ძალად.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას პრაქტიკულად არ გააჩნდა საკუთარი ფლოტი, რომლის უმეტესი ნაწილი დაკარგა ყირიმის ანექსიის შემდეგ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰყავდათ სხვადასხვა კლასის 22 ხომალდი და 37 დამხმარე გემი. ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალა იყო 286 ერთეული. ამის შემდეგ უკრაინამ დაკარგა წვდომა აზოვის ზღვაზე: ახლა ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთი და ხერსონის რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია. მიუხედავად ამისა, 2,5– წლიანი ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსეთის შავი ზღვიდან განდევნა – რაკეტებით, დრონებითა და უპილოტო კატარღებით თავდასხმების შედეგად განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების 30%. ამან უკრაინას საშუალება მისცა, შეემცირებინა სადესანტო ოპერაციების საფრთხე და ზღვიდან მისი ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობა, ასევე გაეწმინდა წყლები სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S