კობახიძე: რეგიონში ვითარების დამშვიდებისთანავე შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება

18-07-2024 20:44:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ– მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ამბობს, რომ მისი ზოგადი შთაბეჭდილებით, როგორც კი რეგიონში “დამშვიდდება ვითარება“ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.

„ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს არის, რომ როგორც კი რეგიონში, გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე. [...] პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, უკრაინაში დასრულდეს ომი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება და დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველანაირად დადებითად აისახება ზოგადად რეგიონში პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“,– უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.

მისივე ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.

„ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში ამ სამიტის დოკუმენტში", - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები