
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს
20/07/2024 12:58:44 საზოგადოება, რეკლამა
ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს, 19 ივლისს, 70 წელი შეუსრულდებოდა.
"საიუბილეო თარიღს აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა ღონისძიება მიუძღვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი პანაშვიდი გადაიხადეს.მოგვიანებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პოლოტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც გაიხსენეს თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა, მისი დამსახურება და წვლილი აფხაზეთისა და აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციას საქმეში.
ღონისძიების ფარგლებში თამაზ ნადარეიშვილის დედა ქალბატონი ალექსანდრა შენგელაია და მეუღლე ლელა ყურაშვილი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციებისათვის, თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრებისეული მრწამსის ფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.
თამაზ ხუბუა: "ჩვენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მისმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე აღგვენიშნა. ის, ამას იმსახურებდა თავის საქმიანობით. შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ ოჯახის წევრებს. ეს არ იყო არავითარ შემთხვევაში ჩანიშნული, აუცილებელი ღონისძიება, ეს იყო ჩვენი მუშაობის, ჩვენი საქმიანობის, დევნილთა სურვილის, დევნილთა მონდომების, დევნილთა სიხარულისა და ტკივილის გაგრძელების დღე".
თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. წლების განმავლობაში გახლდათ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს მესამე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი"- აცხადებენ აფხაზეთის მთავრობაში.