წულუკიანმა ომბუდსმენს უსაყვედურა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არ დაიცვა

21-01-2020 12:33:20 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყველას უმბუდსმენი არ არის. მაგალითებს შორის მან ბიძინა ივანიშვილი და საკუთარი თავი დაასახელა.

„მინდა, გაჩვენოთ ჩემი თანამშრომლების გაჭირვება, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა. თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს; მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება – არ ხართ ჩემი ომბუდსმენი; ახლახანს მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, ან დეპუტატი დაიცავით, ან პოლიციელი, ან მინისტრი, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი, რომლებსაც აფურთხებენ, სცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს ანგარიშში არ არის, თუ ეს არ არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როდესაც ხარ დედაჩემის ასაკის ექთანი და პატიმარი გაფურთხებს და წიხლებს გირტყამეს. ეს არ არის კონვენციის მე–3 მუხლი, რომლის პრევენციაც თქვენ ჩემთან ერთად გევალებათ?“,– განაცხადა წულუკიანმა და დეპუტატებს რამდენიმე ვიდეო უჩვენა.

ამასთან, წულუკიანმა კადრების პრობლემას გაუსვა ხაზი, უშუალოდ სამედიცინო ნაწილში და თქვა, რომ ეს სამსახური სამწუხაროდ, არაა პოპულარული.

ნინო ლომჯარიამ კი საპასუხოდ ბრძანა, რომ არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი ანგარიშიდან და რიგ შემთხვევებში ულტრირებული.

ამასთან, მან არ მიიღო მინისტრის პოზიცია, რომ სახალხო დამცველი არ ეხება თანამშრომელთა უფლებრივ მდგომარეობას და სისტემაში არსებულ პროგრესს.

"ყველა ანგარიშში ცალკე თავია თანამშრომელთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის რეჟიმზე, დაბალ ხელფასებზე",– დასძინა ლომჯარიამ.

რაც შეეხება ივანიშვილის და წულუკიანის დაცვას, ლომჯარიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სახალხო დამცველის ფუნქციაა სწორედ ის, რომ მოქალაქეები დაიცვას გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია, ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ვერ ვხვდები, რას გულისხმობენ. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითი, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები