
ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა დაიწყო
22/07/2024 05:52:00 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა "დემოკრატიული პარტიის" ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს, მზადება პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო.
ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას თავის გუნდთან ერთად ცდილობს.
21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ერის გასაერთიანებლად, რათა მეტოქე დონალდ ტრამპი დაამარცხონ. როგორც ჰარისმა თქვა, არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ.
კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ დემოკრატებმა ჰარისის გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ და არ დაუშვან დიდი საფრთხე - ტრამპის მეორე ვადით არჩევა.
რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 21 ივლისს, CNN-ს უთხრა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება კიდევ უფრო იოლი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის.