
250 რუსი მოსწავლე დასასვენებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა
22/07/2024 07:49:09 მსოფლიო
რუსული საჯარო სკოლების 250-მდე მოსწავლე დასასვენებლად ჩრდილოეთ კორეის ბანაკ "სონდოვონში" გაემგზავრა.
რუსეთის პრიმორიეს ოლქის მთავრობის ინფორმაციით, რუსი მოსწავლეები ბანაკში 2 აგვისტომდე დარჩებიან და "აქტიურად ჩაერთვებიან რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მეგობრობის განმამტკიცებელ ღონისძიებებში".
მოსწავლეთა პირველი ჯგუფის შემადგენლობაში არიან ბავშვები პრიმორიეს ოლქიდან, სახალინიდან, მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ვორონეჟიდან, ლიპეცკის, ორენბურგის, კრასნოიარსკისა და კრასნოდარის ოლქებიდან.
ჩრდილოეთ კორეის საზაფხულო ბანაკებში რუსი ბავშვების გაგზავნის განზრახვა პრეზიდენტმა პუტინმა ფხენიანში ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ გამოაცხადა.