22-07-2024 17:55:13 პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.
სასამართლოს ცნობით, დღეს, 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მ. კ-ს სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
სასამართლოს ცნობით, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვოლის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).
თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მ. კ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.