ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა

22-07-2024 19:21:42 პოლიტიკა ,საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა.

ირკვევა, რომ შეთანხმება შპს "მტკვარი ჰოლდინგსა" და სს "ჰიდროჯენიუსს" შორის 16 ივლისს დაიდო. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები გასაიდუმლოებულია.

„მტკვარი ჰესის“ გაყიდვის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, თეორიულად მისთვის არაფერია გამორიცხული, მათ შორის ისიც, რომ ქვეყნის დატოვება მოუწიოს: "უძრავი ქონების სხვა ქვეყანაში გადატანა შეუძლებელია, ფულის - მარტივია".

"მტკვარი ჰესი“ ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე შენდება. თანაინვესტირების ფონდი ამ ჰესით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინტერესდა, 2014 წელს - ფონდმა ჰესი შეისყიდა და მშენებლობა განაახლა. მასში 236 მილიონი დოლარი ჩაიდო.

გასულ წელს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე აცხადებდა, რომ “მტკვარი ჰესის” პროექტი მნიშვნელოვანი ვადაგადცილებით და ხარჯების მკვეთრი - $100-მილიონიანი ზრდით მიმდინარეობდა და რომ ხარჯების ზრდა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ პროექტის არაჯეროვანი მართვით და თანხების გაფლანგვა/მითვისებით იყო განპირობებული. მანამდე პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენა – მას 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები