ბოლტონი: იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხედავს, რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს

22-07-2024 22:16:33 პოლიტიკა

ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს, რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს,– ამბობს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

მისი თქმით, "გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა ნატოსა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ, ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსულმა კავშირებმა, საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში, მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს":

"ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, მე ამ პრობლემებთან დამაკმაყოფილებელ გამკლავებას, დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი".

მას ჰკითხეს, აშშ–ში ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში აქვს თუ არა მოლოდინი ამჟამინდელი ურთიერთობების გადახედვის.

"თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის ურთიერთობას, ძალიან მაწუხებს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდას ის უფრო დიდი კეთილგანწყობით შეხედავს, რაც ვფიქრობ ძალიან არასასურველია. ეს მაწუხებს. გახსოვდეთ, ტრამპმა ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთხელ, მან თეთრი სახლის მაშინდელ აპარატის უფროს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი ისევ რუსეთის ნაწილი. ის მიდრეკილია იმის მიმართ, თუ რას იტყვის ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ის შეიძლება რუსეთის მხარეზე გამოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია",– უპასუხა ბოლტონმა.

მას ჟურნალისტმა შეახსენა ტრამპის პრეზიდენტობის დროს საქართველოსთან მისი ადმინისტრაციის "აქტიური ჩართულობა"; პირადად ბოლტონის ვიზიტი, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მსახურობობდა; ასევე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტები თბილისში; გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინების გამარტივებული წესით მიწოდების შესახებ.

"როცა საქართველოში წავედი, ვფიქრობ, ტრამპმა არ იცოდა, რომ მე იქ ვიყავი. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც არ ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება. არ არსებობს გარანტია, რომ პომპეო ტრამპის ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნდება. და როგორც ვთქვი, ვფიქრობ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრამპის აზროვნებაზე. ვფიქრობ, ამან ის პუტინთან დაახლოვა. შეიძლება ამის გაგება რთული იყოს, ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ვღელავ უკრაინაზე, ვღელავ საქართველოზე და მაწუხებს საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი ნაწილის ბედი, თუ ტრამპს ხელახლა აირჩევენ",– უპასუხა ბოლტონმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები