
WSJ: რუსეთმა ჰუსიტებს შესაძლოა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს
23/07/2024 11:29:26 მსოფლიო
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, რუსეთი შესაძლოა იემენელი ჰუსიტების თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით მომარაგებას გეგმავდეს, რაც იქნება კრემლის პასუხი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, რომელმაც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებას გარკვეული დათქმებით მხარი დაუჭირა,– იტყობინება The Wall Street Journal- წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-ს უთხრეს, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ძალების, ცენტრალური სარდლობის მეთაურმა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამერიკის ძალისხმევა წითელ ზღვაში ხომალდებზე ჰუსიტების თავდასხმების ასარიდებლად არ მუშაობს და საჭიროა უფრო სერიოზული მიდგომა.
გამოცემა წერს, რომ თეთრმა სახლმა დაიწყო კონფიდენციალური მცდელობა, რომ მოსკოვის გეგმები შეაჩეროს. წყარო ამბობს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის გეგმების ცვლილებას დიპლომატიური გზებით ცდილობს და პროცესში მესამე ქვეყანას იყენებს. თუმცა წყარო ქვეყანას არ აზუსტებს. მანამდე Middle East Eye წერდა, რომ რუსეთი ჰუსიტებისთვის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების გადაცემას გეგმავდა, თუმცა საუდის არაბეთმა გადააფიქრებინა.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან თქვეს, რომ ჰუსიტების წარმომადგენლები რუსეთში იყვნენ ჩასული. თუ დაჯგუფებას რაკეტებს გადასცემენ, მათი მიწოდება შესაძლებელი იქნება ირანის კონტრაბანდული ქსელის შუამავლობით.