სუს-ი აცხადებს, რომ უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების "ორგანიზებით და დაფინანსებით" ივანიშვილის "მკვლელობის მომზადებას" იძიებს

24-07-2024 10:07:58 პოლიტიკა ,სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

როგორც სუს–ში ამტკიცებენ, ხსენებული "დანაშაულებრივი ქმედებების" მიზანია, ქვეყანაში "არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა".

სუს–ი არ აზუსტებს, რა გარემოებები უძღოდა წინ გამოძიების დაწყებას. მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს "აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება".

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით",– აცხადებენ სუს–ში.

როგორც ცნობილია, უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა, მათ შორის, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები