
პარიზში რუსეთის მოქალაქე დააკავეს ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის მზადებისთვის
24/07/2024 06:15:19 ევროპა
პარიზში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადის დროს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით პრორუსული ოპერაციის მომზადებაში.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 40 წლის მამაკაცია, რომლის ვინაობას სამართალდამცავები არ ასაჯაროებენ.
პარიზის პროკურატურაში 23 ივლისს განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში, რომლის მიზანი იყო საფრანგეთში მტრობის გაღვივება.
Le Parisien გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია სამხილები, რომლებიც მიუთითებენ, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი პრორუსული ოპერაცია სწორედ ოლიმპიადისთვის მზადდებოდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს 30 წლამდე პატიმრობა ელის.
სააგენტო AFP წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება სავარაუდო შეთქმულების დეტალებს არ ამხელს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ საუბარი არ არის ტერორისტული ხასიათის ქმედებაზე. საქმეს იძიებს შსს-ს შიდა უსაფრთხოების სამმართველო, რომელიც კონტრდაზვერვის სამსახურია და არა კონტრტერორისტული.
საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს იწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.